ნახევარი მილიონი სისხლის ბანკის განვითარებისთვის

რეგიონალური სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში თბილისის სისხლის ბანკის დამფუძნებელი ნახევარი მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც ბიზნესმენი ნატალია კვანტალიანი BPN.GE-სთან აცხადებს, ლიცენზიის მიღებისთანავე, იანვარში სამტრედიის სისხლის გადასხმის ცენტრალური ბანკი შევა ექსპლუატაციაში და ის მთელ დასავლეთ საქართველოს სისხლით და პლაზმით მოემსახურება.

ნატალია კვანტალიანის თქმით, საავადმყოფოებისთვის სისხლის დროული მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, დიდ რეგიონებში სისხლის ბანკის დაარსება აუცილებელი პირობაა. მომავალში სამტრედიაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაც იგეგმება. მუშაობა მიმდინარეობს ტურისტულ პაკეტებზე და მსურველებს სხვადასხვა მიმართულების კომპლექსურ თერაპიას შესთავაზებენ.

კვანტალიანის თქმით, დონორებს სისხლის გადასხმის ბანკში ფულადი ანაზრაურების გარდა, ცხელი სადილითაც უმასპინძლდებიან. სისხლის ჩაბარებამდე კი თითოეული მათგანი სხვადასხვა ინფექციაზე ყველა აუცილებელ შემოწმებას გადის.

ქრისტინე გამთენაძე