მეფუტკრეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორამ" ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა. ლაბორატორიის გახსნის საზეიმო ცერემონიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე, საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი გიორგი კეპაშვილი, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ პროექტში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა ჩეხეთის საელჩოსთან კიდევ მრავალ პროექტს გეგმავს.

"ძალიან მეამაყება, რომ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობით შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც ახალი ტექნოლოგიით გამოიყვანს განაყოფიერებული ფუტკრის დედებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა დედა ფუტკრის მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული. დედა ფუტკარი კი, რომელსაც აქ გამოიყვანენ, ხარისხითაც და თვისებებითაც გამორჩეული იქნება.

ათასჯერ თქმულა, რომ ქართული ფუტკარი საუკეთესოა მსოფლიოში. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში წარმოებული ფუტკრის პროდუქტები საუკეთესოა და ერთ-ერთი უნიკალური საექსპორტო ნაწარმია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. მახარებს ისიც, რომ ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენი თანამშრომლობა ჩეხეთთან და ერთობლივად სხვა ახალ პროექტებსაც ვგეგმავთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია "აგორას" აქტიური თანამშრომლობისთვის. საგულისხმოა, რომ "აგორა" უკვე მეორე პროექტს ახორციელებს ჩვენთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ, პირველი პროექტი სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობის ჩამოყალიბება გახლდათ.

ვფიქრობ, ასეთი წინსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენი დევნილების დღევანდელ და სამომავლო საქმიანობას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.