ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, დიოკნისის უბანსა და ღორჯომის ხეობაში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს, ხოლო დაბა ხულოში 60 სანტიმეტრამდეა. ხულოს გამგებელის, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, უხვი ნალექის გამო დღეს დილით ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია და მუნიციპალიტეტის 50%-ს შუქი არ მიეწოდება. მისივე განმარტებით, ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდა დილით დაიწყო და მაღალი გამავლობის ტრანსპორტს მოძრაობის მხრივ პრობლემები არ იქმნება.

"თოვლის საფარი მეტრნახევარია მაღალმთიან სოფლებში, გოდერძის უღელტეხილზე უფრო მეტი, ცენტრში კი 60 სანტიმეტრს აღწევს. გუშინ საღამოს მხოლოდ 8 სოფელს არ მიეწოდებოდა დენი, დღეს დილით კი, ავარიულად გაითიშა კიდევ რამდენიმე სოფელში და საერთო ჯამში, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 50%-ს არ მიეწოდება", - განაცხადა ხულოს გამგებელმა.

რაც შეეხება გზებს, ბაუჩაძის ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე შეფერხება არ არის, სოფლებამდე მისასვლელი გზები კი იწმინდება.

"მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. სამაშველო სამსახური გუშინ ორჯერ გამოიძახეს, დღეს კი, გამოძახების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.

თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.