პროგრამის - "დანერგე მომავალი" ფარგლებში 76 განაცხადი დამტკიცდა

შიდა ქართლში, 266.4 ჰექტარ მიწის ფართობზე, ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში იუწყებიან, 32-მა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, დაფინანსება მიიღო. სოფლის მეურნეობის პროგრამის - "დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ დოესში, პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, მერაბ ბერიაშვილის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერა. მერაბ ბერიაშვილი პროგრამაში 2015 წლის 29 სექტემბერს ჩაერთო. მან 20 ჰა-ზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, 62 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის - "დანერგე მომავალი" განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

შიდა ქართლში, ქარელის, გორისა და კასპის რაიონებში 266.4 ჰექტარ მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით 573 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 3 მილიონ ლარს აღემატება.

პროგრამის - "დანერგე მომავალი" ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

პროექტის - "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000-1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.