საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის ძირითადი პუნქტები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის ძირითად პუნქტებს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის ძირითადი menu:

1. იწყება მძლავრი საინფორმაციო კამპანია მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ - მძღოლებისთვის, მგზავრებისთვის, ქვეითად მოსიარულეთათვის.

2. იწყება ქალაქებში და გზებზე ე.წ. "შავი წერტილების" განეიტრალება. ეს არის ადგილები სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკა ყველაზე მაღალია.

3. მკაცრდება ადმინისტრირება მგზავრების გადაყვანის უსაფრთხოებაზე - ჩვენი შვილები, დები, ძმები, მეუღლეები და მშობლები ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობისას, განსაკუთრებით საქალაქთაშორისო მარშრუტებზე, უსაფრთხოდ უნდა იყვნენ.

4. შემოდის ქულათა სისტემა, როცა დაჯარიმების გარდა მართვის მოწმობის 100 ქულიან ლიმიტს აკლდება n ქულა და თუ წლის განმავლობაში ხშირად და კრიტიკულად არღვევთ - მოწმობა შეჩერდება და მძღოლს თავიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება. "ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ" - ვეღარ იმუშავებს.

5. ხდება ავტოპარკის "გაახალგაზრდავების" წახალისება, შემოთავაზებულია ტარიფების შემცირება შედარებით ახალ მარცხენასაჭიან ავტომობილებზე. ასევე შემოთავაზებულია შეიზღუდოს მარჯვენასაჭიანი და საჭე-გადატანილი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან - ეს არ ეხება ქვეყანაში უკვე არსებულ მანქანებს, არც გზაში მყოფ და უკვე ნაყიდ/შეკვეთილ მანქანებს, არც სპორტულს და არც იმპორტის და რეექსპორტის მიზნით შემოყვანილთ. არც ტრანზიტით გამვლელს.

6. მკაცრდება ადმინისტრირება ავტოსაგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებზე, ე.წ. top killer-ებზე. ესენია: არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა.

7. მართვის მოწმობის გამოცდას ემატება ტესტი რეალურ მოძრაობაში. ეს კიდევ უფრო საიმედოს გახდის მართვის მოწმობის გაცემის პროცესს.

8. უმჯობესდება ქვეითთა უსაფრთხოების წესების ადმინისტრირება და მათი დაცულობა. როცა ტროტუარზე დავდივართ და ზებრაზე ქუჩას ვკვეთთ - სიკვდილი არ უნდა დაგვყვებოდეს უკან.

9. შემოდის და უმჯობესდება "უკონტაქტო პატრულირება", როდესაც ჩვეულებრივი სამოქალაქო ავტომობილიდან, ან გამვლელის მიერ, GPS რეგისტრატორით და სიჩქარის დეტექტორით, ან ქალაქის ვიდეო-კამერების საშუალებით მოხდება დარღვევების დაფიქსირება და დაჯარიმება. "მივიხედ მოვიხედე, პატრული არ იყო და გავედი წითელზე ან ღერძულა ხაზმა თვითონ გადმომკვეთა" - ვეღარ იმუშავებს.

10. ცალკე გამოდის და მკაცრდება ადმინისტრირება საცობში "ყველაზე ჭკვიანი და თავხედი" მძღოლების მიერ რიგიდან გამოსვლაზე და საწინააღმდეგო ზოლში მოძრაობაზე.

11. მკაცრდება ადმინისტრირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისთვის გზის არ დათმობაზე და ხელის შეშლაზე.

რაც მთავარია ეს ყველაფერი კეთდება თქვენი გულისთვის და თქვენი უსაფრთხოებისთვის!", - წერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.