საქართველოში გასულ კვირას ე.წ. ღორის გრიპის 7 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გასულ კვირას A ტიპის H1N1 ვირუსის - ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც "ინტერპესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, გრიპის სეზონი დაიწყო, თუმცა სპეციალისტები ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან. პაატა იმნაძის ცნობით, პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია.

"საქართველოში გავრცელებულია რინო ვირუსები (ე.წ. სურდო) და კორონა ვირუსები – ყველა მათგანი გაციებაა. ვირუსების გავრცლების დინამიკა ნორმაშია. სხვა ინფექციებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ტენდენტიები არ შეინიშნება", - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, ვირუსის მატარებლები კი, გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.

რაც შეეხება 3 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არ გააჩნია ლაბორატორიული დადასტურება იმის, რომ გარდაცვლილს ნამდვილად ჩუტყვავილა ჰქონდა. იმნაძის ინფორმაციით, მხოლოდ ჩუტყვავილას ფატალური შედეგი არ მოაქვს და შესაძლოა, აღნიშნულ ინფექციას რაიმე სხვა დაერთო. აღსაზრდელის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. "ინტერპრესნიუსს" თბილისის 29-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა ლალი ნოზაძემ დაუდასტურა, რომ ბაღის აღსაზრდელი - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მცირეწლოვანს ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა, მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი გოგონა ტოქსიკური შოკის დიაგნოზით გარდაიცვალა.