ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა.

ტრადიციული მიმართულებებიდან, ვიზიტორების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები ფიქსირდება

რუსეთის ფედერაციიდან (15.3 პროცენტი) და უკრაინის მიმართულებიდან (10 პროცენტი), ხოლო 9%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა სომხეთის შემთხვევაში. აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის მიმართულებიდან შემოსული ვიზიტორების შემთხვევაში 3.7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. 4.1 პროცენტით იკლო ევროკავშირის მოქალაქეთა რიცხვმა, რომელთაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

იანვარ-ოქტომბერში, ევროკავშირის შემთხვევაში ტურისტების რიცხოვნობის მაღალ ზრდას ჰქონდა ადგილი ლიტვის, იტალიის და გერმანიის შემთხვევაში (19 პროცენტი, 14 პროცენტი და 14

პროცენტი, შესაბამისად), თუმცა შემცირებულია პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან შემომსვლელთა რიცხვი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც იმის შედეგია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან (762 პროცენტი), საუდის არაბეთიდან (77 პროცენტი), ბელორუსიდან (53 პროცენტი) და ისრაელიდან (34 პროცენტი). აღსანიშნავია ასევე ყაზახეთიდან და აშშ-დან შემოსული ვიზიტორების წლიური ზრდა.