ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალ Eurobest -ზე ქართველებმა უმაღლესი ჯილდო მოიპოვეს

სააგენტო Leavingstone-ის გუნდმა ევროპის ყველაზე დიდ სარეკლამო ფესტივალზე, Eurobest-ზე ოქროს მედლები მიიღო.

გუნდის წარმომადგენლებმა გიორგი ავალიანმა და ანანო მიმინოშვილმა ბელგიაში, ანტვერპენში გამართულ ფესტივალზე თავიანთი ნამუშევარი წარადგინეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. შეჯიბრში მონაწილეობას ევროპის წამყვანი სარეკლამო სააგენტოებიდან 21 გუნდი იღებდა.

სააგენტო ლივინგსტონის ინფორმაციით, მონაწილე გუნდებს დავალების მიღებიდან ზუსტად 38 საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ დავალებაში მოცემული პრობლემების გადასაჭრელად ყველაზე კრეატიული და ეფექტური კამპანია მოეფიქრებინათ.

”როგორც აღმოჩნდა, ბელგიაშიც აქტუალურია ქუჩაში ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის შემცველი ფრაზების მიძახება. სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა დავალება, რომელიც ქალაქ ანტვერპენის მერიამ მოამზადა. ვიცე-მერის განცხადებით, გამარჯვებული იდეა 2016 წელს რეალურად განხორციელდება”, - აღნიშნავენ სააგენტო Leavingstone-ში.

მათივე ინფორმაციით, “ევრობესტი” ევროპაში ყველაზე დიდ სარეკლამო ფესტივალს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად იცვლის თავის ადგილმდებარეობას. მომავალ წელს ფესტივალს იტალიელები ქალაქ რომში უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ Leavingstone გახლავთ სააგენტო, რომელიც წელს, კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე, საქართველოსთვის პირველი კანის ლომით დაჯილდოვდა.

თამარ კორკოტაშვილი