ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.