ჟინვალთან გაჩერებული ტრაილერების მძღოლები პატრულს სთხოვენ, ლარსის მიმართულებით ჯერ მალფუჭებადი ტვირთი გაატარონ

დუშეთის რაიონში, ჟინვალთან გაჩერებული ტრაილერების მძღოლები პატრულს სთხოვენ, ლარსის მიმართულებით ჯერ მალფუჭებადი ტვირთი გაატარონ. მძღოლების ნაწილი ასეთად მწვანილს ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, მანდარინზე სწრაფად ფუჭდება. გარდა ამისა, კერძო საუბრებში მძღოლები პრეტენზიას გამოთქვამენ ქართული მხარის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობის გამო და აცხადებენ, რომ ხშირია ტვირთის დაყოვნების შემთხვევები, რის შედეგადაც პროდუქტი ფუჭდება და მისი გაყიდვა ვეღარ ხდება.

ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებდენ, რის შედეგადაც დუშეთსა და მის მისადგომებთან სატვირთო ავტომანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი უამინდობის გამო გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა იყო. ამ დროისთვის სატვირთო ავტომანქანების გატარება გუდაური-კობის მიმართულებით დაწყებულია.