გიორგი ჭირაქაძე - შემდეგი წელი საარჩევნო წელია, ყველას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ ეკონომიკასთან თამაში არ შეიძლება

შემდეგი წელი საარჩევნო წელია. ყველას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ არ შეიძლება ეკონომიკასთან თამაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მომავალ წელს "სწორად მიუდგნენ".

"მე პოზიტიურად ვუყურებ იმას, რომ წლევანდელი წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსული თანხები და ტურისტების შემოსვლა არ შემცირებულა და გაიზარდა კიდეც. არის დადებითი ტენდენციები, მაგრამ მე პირადად სიტუაციას ფრთხილად ვუყურებ, რადგან შემდეგი წელი საარჩევნოა. ყველას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ არ შეიძლება ეკონომიკასთან თამაში...

მესმის, რომ საკმაოდ ცხელი პერიოდი იქნება. ამის მუხედავად ბიზნესი გააგრძელებს ინვესტიციებს", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტისგან მედია დაინტერესდა იმით, თუ რა მოლოდინი აქვს მომავალ წელთან დაკავშირებით, რაზეც ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ 2016-ს საკმაოდ იმედიანად უყურებს.

"კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. მე არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენს მეზობლებში სიტუაციის დასტაბილურება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ აისახება. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.