ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა, თუმცა იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების დიდი რაოდენობა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარისა. იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება.