IDFI შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" 11 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აცხადებენ, ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.

პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"-ს ფარგლებში გასული წლების განმავლობაში IDFI-მ სულ 30152 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გააგზავნა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდება როგორც 2015 წლის, ისე მთლიანად, პროექტის ფარგლებში (2010-2015) გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე უწყებები, ასევე დასახელდება 2015 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება.

მსგავსი ღონისძიება IDFI-მ სამჯერ ჩაატარა. გასულ წელს IDFI-ს გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა. ახალი მონაცემებით, სიტუაცია შეცვლილია.

ღონისძიებას მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.