სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი InterContinental Hotels Group-ი სასტუმროს ბორჯომში გახსნის

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელი, InterContinental Hotels Group-ი (IHG), ბორჯომში თავისი ცნობილი ელიტარული ბრენდით – Crowne Plaza-თი შემოდის.

საქართველოში პირველი Crowne Plaza ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქში, ბორჯომში გაიხსნება. სასტუმრო სტუმრებს 2015 წლის 23 დეკემბრიდან მიიღებს.

”ქრაუნ პლაზა ბორჯომს” 101 კეთილმოწყობილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნომერი აქვს. სტუმრებს შეუძლიათ სპორტული დარბაზით, შიდა აუზით და სპა ცენტრით ისარგებლონ, სადაც მასაჟებისა და კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურის მრავალფეროვანი არჩევანია. სასტუმროში ასევე არის საბავშვო ოთახი, რათა დასვენება ოჯახებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს. სასტუმროს დამსვენებლებს ასევე დახვდებათ 4 რესტორანი და 24-საათიანი ბიზნესცენტრი, 6 საკონფერენციო ოთახით. სასტუმროსთვის შეიქმნა Sleep Advantage Program ექსკლუზიური საწოლებით, Wake-Up Call-ებით, მყუდრო ზონის სართულებითა და არომათერაპიული პროდუქტებით – რაც დამსვენებლებისთვის ღამის მშვიდ ძილს განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Crowne Plaza-ს სასტუმროები IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაშია ჩართული. IHGRewards Club - ეს არის ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამა, მსოფლიოში 84 მილიონზე მეტი წევრით. IHGRewards Club-ში ჩართვა უფასოა. სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ ვებგვერდ ihgrewardsclub.com-ის საშუალებით, IHG-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვით ან მსოფლიოში IHG-ის 4,700 სასტუმროდან ნებისმიერი მათგანის მისაღებში მოთხოვნის დატოვებით.

”ქრაუნ პლაზა ბორჯომის” ოფიციალური გახსნის ცერემონია 2016 წლის იანვრის მეორე ნახევარში იგეგმება: ”ახალი წლისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით, რომელიც 2 ღამეს მოიცავს: 31 დეკემბერს 21:00 საათზე სტუმრების წინაშე წარსდგება მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი თავის ამერიკულ ბენდთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბასი - Max Gerl, დასარტყამი ინსტრუმენტი - Mike Mitchell და კლავიში Cameron Graves. პერფორმანსის შემდეგ საღამოს დიჯეი განაგრძობს. 1-ლ იანვარს წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბენდი Goofy Land და ასევე პოპულარული დიჯეი GioKhoti. საახალწლო გალა-ვახშამს ჩვენი შეფმზარეული Rod MacKenzie უმასპინძლებს, რომელიც საღამოს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის”, - აღნიშნავენ სასტუმროში.

ცნობისთვის, IHG (InterContinental Hotels Group) სასტუმროების უდიდესი ქსელია მსოფლიოში. 2015 წლის იანვარში IHG-მ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბუტიკ სასტუმროების ქსელი Kimpton Hotels & Restaurants შეიძინა. ამჯერად კი სასტუმროების ქსელმა საქართველოს კიდევ ერთი სასტუმრო შემატა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე