კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, „საგას“ რეკლამა არაეთიკურია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში. მიუხედავად ამისა, კომისია ეხმიანება მაღაზიათა ქსელ „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამას.

„ვიდეო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ უხამსობის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს. ვიდეო რგოლში ასახული სიუჟეტი წინააღმდეგობაშია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან და მას არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. სარეკლამო რგოლი არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“ ფრთხილად მოეკიდოს მსგავსი შინაარსის მატარებელი ვიდეო რგოლების (რეკლამის) გავრცელების საკითხს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით და ამავე დროს, მოუწოდებს კომპანიას, უზრუნველყოს სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო რგოლის გავრცელების შეზღუდვა.