"ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა

"ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, შპს "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე 41,6 მვტ სიმძლავრის "ხობიჰესი 2"-ის პროექტის ფარგლებში, სადერივაციო გვირაბისა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობისათვის მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით, მუხურის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებული 22 926 კვ/მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) 3 წლით განესაზღვრა. "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" მიეცა უფლება, აღნიშნულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი - 102 ინდივიდი, კაკლის ხე - 7 ინდივიდი, კოლხური ბზა - 2 ინდივიდი.

"ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია" ვალდებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ, ასევე, მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.