დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ეკონომიკის მინისტრთან ერთად მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ეკონომიკის მინისტრ დანა რეიზნიცე-ოზოლასთან ერთად სასტუმრო "რედისონში" ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ოფიციალურად გახსნა.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე ეეონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღეს იმართება მეორე ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც 2009 წლის შემდეგ პირველად ტარდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ღონისძიებაზე განხილული იქნება საკითხების ფართო სპექტრი.

"პრიორიტეტული საკითხებია სავაჭრო ბრუნვის გაზრდა ორ ქვეყანას შორის და იმ გადაწყვეტილებების მოძებნა და შემდეგ უკვე დადასტურება, რომელიც ორი ქვეყნის კერძო სექტორს დაეხმარება. ასევე ინვესტიციების წახალისების მიმართულებით გადაწყვეტილება, რომელიც ასევე დაეხმარება კერძო სექტორს ინვესტიციების რაოდენობის გაზრდისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ლატვია საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილში, DCFTA ნაწილში და ამჟამად კი ვიზალიბერალიზაციის ნაწილში, რისთვისაც დიმიტრი ქუმსიშვილმა მათ დიდი მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ურთიერთობები გამოვხატოთ უკვე ციფრებში, ეკონომიკურ მაჩვენებლებში და შესაბამისად, მეტი ბენეფიტი მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას და კერძო სექტორს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.