დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო "რედისონში” ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას რამდენიმე მინისტრი, თბილისის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ანგარიში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ სამუშაოებს მოიცავს.

”240 მიუსაფარ პირზე თავშესაფარი გაკეთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამწლიანი გეგმა შეიქმნა, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება. ასევე მომავალ წელს დედაქალაქში შემოიყვანენ 200-მდე ახალ ავტობუსს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იქნება ადაპტირებული. ერთ-ერთი გერმანული ფირმის დახმარებით, მუშავდება დედაქალაქის გენერალური გეგმა. ასევე წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე და განმარტა, რომ დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, ამ მომენტისათვის სამ ხიდს უტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გზების თვალსაზრისით კი - 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ახალი გზა დაიგო.

”უახლოეს პერიოდში პუშკინის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დაიწყება. ამისათვის ტენდერი უკვე დასრულდა და მოხდება ორმხრივი მოძრაობის აღდგენა”, - განმარტა თბილისის მერმა.

ნარმანიამ ისაუბრა საბავშვო ბაღების შესახებაც და აღნიშნა, რომ 240-მდე ბავშვი წელს დამატებით მივიდა საბავშვო ბაღებში. მისივე თქმით, მომავალ წელს იგეგმება ათი ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება.