ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავა

ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავა. აღნიშნულის გამო მგზავრები, რომლებსაც დღევანდელ რეისზე ბილეთები აქვთ აღებული, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ვინაიდან მათ ბათუმიდან ურეკში ჩასვლა უწევთ.

"რკინიგზის ცხელ ხაზზე დავრეკე და მითხრეს, რომ ბათუმის სადგურის ნაცვლად მატარებელი ურეკიდან გავა, ბათუმიდან ურეკამდე კი ჩვენი ხარჯებით, სხვა სახის ტრანსპორტით უნდა ჩავიდეთ", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

"საქართველოს რკინიგზის" ცხელ ხაზს სააგენტოც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ მხოლოდ ერთი დღით, სარკინიგზო ზოლზე სამუშაოების გამო ბათუმი-თბილისის მგზავრები ურეკის სადგურიდან გაემგზავრებიან. კითხვაზე, როგორ უნდა გაიგონ მგზავრებმა, რომ ბათუმის ნაცვლად მატარებელი ურეკიდან გავა, ოპერატორის თქმით, წინასწარ ინფორმირება ვერ ხერხდება, რადგან მათთვის უცნობია მგზავრთა ვინაობა, რის გამოც მათ ვერ უკავშირდებიან.

"დღეს ურეკიდან გადის ბათუმი-თბილისის მატარებელი. მხოლოდ ერთი დღე არის ფანჯარა, ვინაიდან გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები. მგზავრებისთვის ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება. ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ვინც წინასწარ რეკავს და კითხულობს, მათ ვაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ოპერატორმა.

რეისი ბათუმი-თბილისი, ბათუმის სადგურიდან 16:45 საათზე უნდა შესრულებულიყო.