მესტიის სოფელ ლუჰაში ბეტონის არხის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესტიის სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებული ბეტონირებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ხევის კალაპოტის ბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული იყო და აღდგენას საჭიროებდა.

"წყალმოვარდნებისას წყლის ნაკადი ბეტონის კედლებზე ზევიდან გადაედინებოდა და საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.

ხევი, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გაედინება. სოფლის ტერიტორიაზე ხევის კალაპოტი მართკუთხა ბეტონის არხს წარმოადგენს. სოფლის დასახლებული უბნის გავლის შემდეგ კი, ისევ გადადის ბუნებრივ მიწის კალაპოტში და რამდენიმე ასეულ მეტრში, მარცხენა მხრიდან მდინარე ენგურს უერთდება.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დასაცავად, 290 მეტრიან მონაკვეთზე გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, აღდგა დაზიანებული ფსკერი და კედლები", - აცხადებენ სამინისტროში.

პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 398 344 ლარი შეადგინა.