ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლას მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან გეგმავს

2050 წლისთვის ასაკით პენსიონერთა რიცხვი 25%-ს გადააჭარბებს

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე BPN.GE ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმების მთავარ სპეციალისტს, ირაკლი ბურჭულაძეს ესაუბრა.

– როდის ამოქმედდება ახალი საპენსიო რეფორმა, რომელიც კერძო საპენსიო ფონდების შექმნას გულისხმობს?

– ახალ სისტემაზე გადასვლას მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან გეგმავს. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სახის პენსია, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეს. არსებული პენსია და მისი მოცულობა არ გამომდინარეობს კონკრეტული პენსიონერის სამუშაო სტაჟისა და გამოცდილებიდან, ამის გამოა, რომ ყველა იღებს ერთნაირი რაოდენობის პენსიას.

– რას გულისხმობს დაგროვებითი მოდელის საპენსიო სქემა? რა ასაკიდან შეძლებს ადამიანი მასში ჩართვას?

– თუ ადამიანი ფონდში გადარიცხავს საკუთარი ხელფასიდან 2%-ს, მიიღებს ასევე 2%-იან დანამატს სახელმწიფოსგან და 2%-ს საკუთარი დამსაქმებლისგან, შესაბამისად, ის ავტომატურად გახდება 6%-ის მფლობელი. აღნიშნული 6% გათავისუფლებულია დაბეგვრისგან და ის სრულად ჩაერიცხება აღნიშნულ სისტემაში მონაწილეს. ასევე ადამიანი რომელიც, მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სისტემაში, სახელმწიფოსგან წახალისდება. მას ექნება საგადასახადო შეღავათები და ფინანსური ინტერესი. რაც შეეხება ფონდში მონაწილეობას, ასაკი არ არის ჯერჯერობით განსაზღვრული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 20-25 წელი არის ის პერიოდი, რა დროშიც სისტემაში მონაწილე ადამიანი პენსიაზე გასვლის დროს ადეკვატური თანხის მიღებას შეძლებს. ეს თანხა დაფუძნებული იქნება შენატანებზე, დროზე და ფონდის მოგებაზე.

– დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის საპენსიო ფონდში მონაწილეობა ნებაყოფლობით იქნება?

– ფონდში მონაწილეობა იქნება ნახევრად სავალდებულო, ნახევრად ნებაყოფლობითი, ეს არის ჰიბრიდული სქემა, რომელშიც 2017 წლიდან ყველა ლეგალურად დასაქმებული ადამიანი ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა მათ უფლება ექნებათ, რომ განცხადების საფუძველზე ამ სქემაზე უარი თქვან და დატოვონ. ნებაყოფლობით მონაწილეობის უფლება არ გავრცელდება დამსაქმებელზე, რადგან ის ვალდებული იქნება, თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს, ჩაურიცხოს მას კუთვნილი 2%.

– როგორ დააზღვევთ რისკებს და რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ნდობა საპენსიო ფონდის მიმართ?

– ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს ამ თანხას ვიღაც ვიღაცას უხდის. რეალურად, ეს განსხვავებული მოდელია, რომელიც საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს. მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ ბანკებს და დაგროვებით ანაბარს, რომლის შემოწმება და თვალყურის დევნება პიროვნებას მუდმივად შეუძლია. პრინციპი საპენსიო ფონდისა, დაახლოებით იგივეა. უბრალოდ, აქ გვაქვს სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან დამატებითი ინვესტირება.

ფონდის სახსრებს დაიცავს მოგება, ფონდს კი უნდა ჰქონდეს ინფლაციაზე მაღალი მოგება. შემუშავდება ისეთი მექანიზმები, რომელიც მაქსიმალურად დააბლანსებს რისკებს და მეორე მხრივ, თანხის გარკვეული ნაწილის ინვესტირება მოხდება უცხოურ ვალუტაში. ფონდის აქტივების მართვას განახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია. მისი სტრატეგიის განსაზღვრა მოხდება დამოუკიდებელი დირექტორატის საბჭოს მიერ. სახელმწიფოს გავლენა ფონდის მართვის კუთხით უნდა გამოირიცხოს. საპენსიო ფონდს სჭირდება ძლიერი მარეგულირებელი, შესაბამისი ბიუჯეტითა და ადამიანური რესურსებით. რეგულაციაში უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის მართვის წესები, რათა არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი. რაც მთავარია, საპენსიო სისტემამ უნდა შეძლოს ინფლაციურ პროცესებთან გამკლავება.

– ის ადამიანები, ვინც სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ მოხვდნენ შრომის ბაზარზე და შესაბამისად, არც პენსიის დაგროვების შესაძლებლობა მიეცათ, რა ვითარებაში აღმოჩნდებიან?

– დაგროვებითი პენსიის დანერგვა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სოციალური პენსია აღარ იარსებებს. სქემაში მონაწილე, დაგროვებით პენსიასთან ერთად დამატებით სახელმწიფო პენსიასაც მიიღებს. ვფიქრობთ, ამ სისტემის დანერგვა, ნაწილობრივ წაახალისებს იმ ადამიანებს, ვინც არ აფიქსირებს შემოსავალს. ეს პროცესი რთული იქნება, მაგრამ ბიძგს მისცემს იმას, რომ არაფორმალური სექტორიდან ადამიანი ფორმალურში გადავიდეს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი არის ლეგალურად დასაქმებულები, თუმცა არც თვითდასაქმებულები დარჩებიან უყურადღებოდ. ვფიქრობთ, რომ არადეკლარირებული შემოსავლების მქონე თვითდასაქმებული, თუ ფონდში შემოსავლების 2%-ს გადარიცხავს, სახელმწიფო მას გარკვეულ პროცენტს ჩაურიცხავს. ეს შემდგომი ეტაპია. როგორ მოხდება არაფორმალური სექტორისა და თვითდასაქმებულების სისტემაში ჩართვა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ის ადამიანი, ვინც რეალურად არაფერს აკეთებს, მიიღებს სახელმწიფო პენსიას, რაც იქნება გათვალისწინებული იმ დროისთვის.

– დაგროვებითი საპენსიო ფონდის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე გაამახვილეთ ყურადღება, რამდენად აუცილებელია და რატომ სოციალური საპენსიო მოდელის ამ ფორმით ჩანაცვლება?

– ჯერჯერობით ნეგატიურ მხარეზე საუბარი გამიჭირდება. შესაძლოა, მომავალში რაიმე გამოიკვეთოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს ამის საფრთხე. რაც შეეხება პოზიტიურ მხარეს, ასეთი ძალიან ბევრია. სახელმწიფო გაძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარ სიბერეზე იზრუნო. აღნიშნული რეფორმის გატარება გარდაუვალია. როგორც ვიცით, პენსიონერთა რიცხვი მზარდია. დღეს დაახლოებით 700 000-ზე მეტი პენსიონერია საქართველოში, რაც მოსახლეობის 15%-ს შეადგენს. არსებული გათვლებით, 2050 წლისთვის ასაკით პენსიონერთა რიცხვი 25%-ს გადასცდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პენსია კატასტროფულად მაღალ ხარჯებამდე შეიძლება გაიზარდოს. სახელმწიფოს უკვე ძალიან ძვირი უჯდება პენსიონერთა შენახვა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა დასავლური მოდელია. ქვეყნების დიდი ნაწილი გადასულია აღნიშნულ სისტემაზე და უმეტეს შემთხვევაში სოციალური მოდელი სრულიად ჩანაცვლებულია დაგროვებითი მოდელით.

– რამდენად რეალისტურია თქვენ მიერ დასახელებული თარიღი და ხომ არ შეიცვლება?

– დღევანდელი გადმოსახედიდან დასახელებული თარიღი აბსოლუტურად რეალისტურია. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შეიქმნას დაგროვებითი სისტემის საპენსიო ფონდი. კონცეფციის დეტალები და საინტერესო პარამეტრები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. შემდეგ უკვე ინპლემენტაციის ის ეტაპები იწყება, რაც დაგეგმილი გვაქვს და რასაც მივყვებით.

ქრისტინე გამთენაძე