ენერგეტიკის სამინისტრო - ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება

ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია "ქართული ოცნება" - რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაიასთვის გაგზავნილ წერილში.

თამარ კორძაიამ ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა, რომელიც საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების, "გაზპრომთან" მოლაპარაკებებისა და ზოგადად, გაზის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აწერს, ნათქვამია, რომ ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება.

"ჩვენი აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას შავი ზღვის მეშვეობით და როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაძლებლობების შეფასება. თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგება არ არის აქტუალური. დღეს ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, კასპიის რეგიონიდან დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", - ნათქვამია წერილში.

როგორც წერილშია ნათქვამი, განხორციელების ეტაპზეა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობების წლიურად 22 მილიარდამდე გაზრდას ითვალისწინებს.

"შედეგად, არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს შესაძლებლობა ექნება 2019 წლიდან დამატებით მიიღოს ბუნებრივი აირი (ტრანზიტის 16 მილიარდი მ3-ით გაზრდის შემთხვევაში 800 მილიონი მ3) გატარებული მოცულობის 5%-ის ოდენობით შეღავათიან ფასად", - ნათქვამია წერილში.

წერილის თანახმად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის მხრიდან თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით. კერძოდ, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის საკითხი. ასევე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით არსებული და დამატებით საჭირო ინფრასტრუქტურის შეფასება.

"ხუთი მხარის (თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი) მონაწილეობით ბრიუსელში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. პროექტის განვითარების პერსპექტივებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ველოდებით ევროკავშირის წინადადებებს", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს წერილში.