„კარფური“ ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა....

საცალო ვაჭრობა ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და მომგებიანი ინდუსტრია, რომელიც მილიარდებს ითვლის. გასული საუკუნის დასაწყისში კუთხის მაღაზიებიდან დაწყებული ბიზნესი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში უზარმაზარ ჰიპერმარკეტებს აერთიანებს, კონკურნეციის დაუნდობელ სფეროდ იქცა. კომპანიები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი წილის ზრდისთვის და ამ სეგმენტში ლიდერობას მხოლოდ რჩეულები ინარჩუნებენ. დღეს მსოფლიოს უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი გიგანტებიდან რამდენიმე მათგანი ოჯახების მფლობელობაშია, რამდენიმე კი წილობრივი ბიზნესია. თანამედროვე ქალაქები უკვე წარმოუდგენელია ჰიპერმარკეტების გარეშე. თბილისშიც კი ამ დროისთვის რამდენიმე ჰიპერმარკეტი არსებობს, თუმცა საქართველოში მოთამაშე მსხვილი კომპანიებიდან მსოფლიო გიგანტების ჩამონათვალში მხოლოდ „კარფური“ მოხვდა, რომელიც ძირითადად სამეულში იყო, მაგრამ ბოლო რეიტინგში მან პოზიციები დათმო.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილეს საცალო სავაჭრო კომპანიების ათეულს, რომელიც არ მოიცავს ინტერნეტ მაღაზიებს, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ დოლარის კურსის მკვეთრმა ზრდამ და ევროს შესუსტებამ ლიდერ პოზიციებზე ამერიკული კომპანიები წამოწია. ათეულში 7 ამერიკული კომპანია მოხვდა, დანარჩენი სამი კი ევროპული ბრენდია.

10. Walgreen Co.

დაარსება: 1901წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $71.6 მლრდ

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 8500 მაღაზიას მოიცავს. ის დღეისათვის, წამლების გარდა, სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო საქონელსაც ყიდის, როგორც მაღაზიათა ქსელით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. კომპანიის სათავო ოფისი ჩიკაგოში მდებარეობს. ცნობილია, რომ „ვოლგრინი“ თავის დროზე ალკოჰოლსაც ყიდდა რეცეპტით მაშინ, როდესაც მისი გაყიდვა აკრძალული იყო ამერიკაში, ხოლო თამბაქოს რეალიზებას ის დღემდე ახდენს.

9. Target Corporation

დაარსება: 1902წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 72.6 მლრდ

ამერიკის რიგით მეორე ყველაზე დიდი ფასდაკლებების მქონე კომპანიაა. ის ქვეყნის მასშტაბით 1700 მაღაზიით ოპერირებს, ხოლო კანადაში 127 ფილიალი აქვს. კომპანია, სხვადასხვა სამომხმარებლო ნივთების გარდა, საკვებ პროდუქტებსაც ყიდის. ის ცნობილია ძალიან დაბალი ფასებით და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ნაწარმით, რომელიც პოპულარულია ახალგაზრდებში. Target-ის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგოა მსოფლიოში.

8. Metro AG

დაარსება: 1964წ

ქვეყანა: გერმანია

შემოსავალი: $ 72.9 მლრდ

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული საცალო კომპანია მსოფლიოში და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე დიდი წილის მქონე საცალო სავაჭრო ბრენდი. ის ევროპის 25, აზიის 5 და აფრიკის 1 ქვეყანაში ოპერირებს. დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანია 384 ჰიპერმარკეტს, 137 დეპარტამენტსა და 948 მაღაზიას მართავს.

7. The Home Depot, Inc.

დაარსება:1978წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 78.8 მლრდ

ეს არის საოჯახო ნივთებისა და სამშენებლო მასალების საცალო სავაჭრო კომპანია ამერიკიდან, რომელიც მოიცავს 2 263 მაღაზიას ამერიკის, მექსიკისა და პუერტო-რიკოს მასშტაბით. კომპანია ცნობადია საკუთარი გრანდიოზული მაღაზიებით, რომლებიც რამდენიმე ბრენდისთვის ექსკლუზიური ნავსაყუდელია. ცნობისთვის, კომპანიის ონლაინ მაღაზიას წლიურად 120 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

6. Carrefour S.A.

დაარსება: 1958წ

ქვეყანა: საფრანგეთი

შემოსავალი: $ 83.1 მლრდ

Carrefour - ეს არის კომპანია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი, არაბული ქვეყნები და სხვა, თუმცა მისი მთავარი ბაზარი მაინც ევროპაა. კომპანიას აქვს უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი, ხოლო მისი მარკეტების რაოდენობა 10 ათასზე მეტია. „კარფური“, რომლის სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს, ცნობილია სხვადასხვა სლოგანებით. მაგალითად, 2011-2015 წლებში მისი სლოგანი იყო - დაბალი ფასები, მაღალი ნდობა.

5. Tesco PLC

დაარსება: 1919წ

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

შემოსავალი: $93.8 მლრდ

ჯერ კიდევ 1919 წელს ჯეკ კოენის მიერ დაარსებული მაღაზიათა ქსელი დღეს ინგლისის, ირლანდის, მალაიზიისა და ტაილანდის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიაა. ის მსოფლიოს 12 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოდგენილია როგორც სურსათით, ასევე სწრაფი მოხმარების საქონლითა და ტანსაცმლით. მას დაახლოებით 7300 მაღაზია აქვს მსოფლიოს მასშტაბით და ასევე ვაჭრობს ინტერნეტით.

4. Kroger Co.

დაარსება:1883წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 108.5 მლრდ

Kroger ამერიკული საცალო გიგანტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ვაჭრობს. მათ შორის წამყვანი არის საკვები პროდუქტები და წამლები, ასევე მულტიდეპარტამენტული მაღაზიები, საიუველირო და საფონდო ბიზნესი. მას აქვს 2600 ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების საერთო რეიტინგში 23-ე ადგილზეა. Kroger 1883 წელს ბერნარდ კროგერმა 372 დოლარად დააარსა.

3. Costco Wholesale Corporation

დაარსება:1976წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 112.6 მლრდ

ეს ერთგვარი „საწევრო“ სავაჭრო კომპანიაა. მიუხედავად მისი მაღაზიების სიმწირისა, ის მაინც რჩება ამერიკის უმსხვილეს სავაჭრო კომპანიათა ლიდერებს შორის. Costco, ამერიკის გარდა, მსოფლიოს 8 ქვეყანაშია წარმოდგენილი, რომლის მიზანია გაყიდოს საქონელი დაბალ ფასად. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მხოლოდ American Express-ის ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გარდა საცალო ვაჭრობისა, კომპანია ოპერირებს სამოგზაურო და ფარმაცევტულ ბიზნესში. მას ასევე აქვს ბენზინგასამართი სადგურების ქსელი.

2. CVS Health

დაარსება:1922წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $139.3 მლრდ

CVS Health ამერიკული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს ფარმაცევტული ბრენდების CVS Pharmacy, Longs Drugs და Navarro Discount Pharmacies 7 800 მაღაზიით. კომპანიის სათავო ოფისი როდ-აილენდში გახლავთ. 2014 წლის მონაცემებით, ის Fortune Global 500-ის რეიტინგში 35-ე ადგილზე იყო, ხოლო ამავე რეიტინგში, მხოლოდ ამერიკის კომპანიების ჩამონათვალში მეათე იყო.

1. Wal-mart Stores, Inc.

დაარსება: 1962წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $485.6 მლრდ

და აი ისიც...

სემ უოლტონის მიერ 1962 წელს დაარსებული კომპანია დღეს მსოფლიოს 27 ქვეყნაშია წარმოდგენილი. მას 11 ათასი მაღაზია აქვს და მუშაობს 55 სხვადასხვა სახელით სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანასთან თანამშრომლობით. ის მოიცავს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელს, ასევე სუპერცენტრებს, რესტორნებსა და ტანსაცმლის მაღაზიებს, ასევე ფარმაცევტულ ქსელს, საფონდო მაღაზიებსა და რამდენიმე ონლაინ მაღაზიას. კომპანიის სათავო ოფისი არკანზასში მდებარეობს. ის არის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია, სადაც დასაქმებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

კოკა კვირკველია