თინა ხიდაშელი "ჰერიტიჯის ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას "ჰერიტიჯის ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფორუმი - "ახალი აბრეშუმის გზა: ევრაზიის გულიდან ევროპის გულამდე. 21-ე საუკუნის ტრანსპორტირებისა და ენერგორესურსების პერსპექტივა" ენერგოუსაფრთხოებისა და ახალი აბრეშუმის გზის საკითხების განხილვას მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელმა გამოსვლისას საქართველოს, როგორც ენერგოდერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტაბილური და უსაფრთხო გარემო ენერგოპროექტების წარმატებით განხორციელების მთავარი წინაპირობაა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს ენერგოდამოკიდებული ქვეყნებისათვის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, რაც, თავის მხრივ, ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხეს აგვაცილებს.

თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"კონფერენციის ამოცანა, ახალი რეალობების გათვალისწინებით, ენერგოუსაფრთხოებაზე სტრატეგიის შემუშავებაში თანამონაწილეობაა. კონფერენციის მონაწილეები არიან ის მთავარი ექსპერტები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ თემებზე მუშაობენ. ჩვენი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს წარმატებული ენერგოუსაფრთხოება, წარმატებული ენერგოპროექტები რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვისთვის გადადგმული ეფექტური ზომებისა და ნაბიჯების გარეშე. დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევრაზიის კონტინენტი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ნებისმიერი ენერგოპროექტი იქნება წარმატებული. ორივე მიმართულებით თანაბრად არის საჭირო ძალისხმევის გაძლიერება, ყურადღების გამახვილება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა ერთობლიობაში მივიღოთ წარმატებული, დივერსიფიცირებული, ენერგოუსაფრთხო ევროპა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული ერთ რომელიმე მომწოდებელზე და ამ მომწოდებლის ამბიციების დაკმაყოფილებაზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის თავმჯდომარე ფრედერიკ სტარმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლას საინტერესო და რეალისტური უწოდა.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ძალიან საღი, რეალისტური და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველანაირი მსჯელობა ტრანსპორტირებაზე, ენერგორესურსებზე, საქონლის გადაზიდვაზე, ახალ გზებზე, ახალ ნავთობსადენებზე აზრს კარგავს უსაფრთხო გარემოს გარეშე. მისი სიტყვით გამოსვლა იყო ღია და პირდაპირი. თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველანაირი კომპრომისების გარეშე და ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა სტარმა.