ქუთაისში 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა

ქუთაისში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

დადიანის ქუჩზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კი, ის დევნილი ოჯახები შეირჩა, რომლებსაც ბინები გადაეცათ.

შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 ერთოთახიანია, 40 - ოროთახიანი და 10 - სამოთახიანი.

რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ ჯამბულ ფრუიძის მრავალსულიან ოჯახს. აფხაზეთის ომის ვეტერანის ჯამბულ ფრუიძის 14-სულიანი ოჯახი და მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვი წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ფრუიძეების ოჯახი ერთი სამოთახიანი და ორი ოროთახიანი ბინის მფლობელი გახდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ქუთაისში, 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს.