პეკინში საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პეკინში გამართულ საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება განიხილეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ შორის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის მხარისგან დასტურის მიღება, რომ ჩინეთი მიესალმება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობას.

გარდა ამისა, მათივე განმარტებით, კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ორივე ქვეყანა განახორციელებს ღონისძიებებს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა ასევე ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა და პოპულარიზება.

როგორც კომისიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს ბევრი ისეთი საკითხი, რომლებმაც, ერთობლიობაში, ქვეყანას დამატებითი შემოსავლები და სამუშაო ადგილები უნდა მოუტანოს.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ანაკლიის პორტი ასევე იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდში შეხვედრისას, რაზეც, ფონდის ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმაც გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანაკლიის პორტის გარდა არის სხვა პროექტებიც, რომელსაც ფონდი დღეს საქართველოს დაფინანსების მიმართულებით სწავლობს. აბრეშუმის გზის ფონდში გამართულ შეხვედრაზე პროექტები "ჰუალინგ ჯგუფმაც" წარადგინა.