თბილისის ბიუჯეტის პროექტში მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება შემცირებულია

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ასევე შემცირებულია სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები.

"რაც ძალიან მნიშვნელოვანია - 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია 1  500 000 ლარით, სამივლინებო ხარჯები - 230 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები - 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია", - განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას განმარტებით, სამაგიეროდ, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 300 000 ლარით განისაზღვრა.