მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსი შემოვა

მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში გამართულ "მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ საუბრისას აღნიშნა, რომ მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით მომავალ წელი ორი პროექტით იქნება გამორჩეული. ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარება. დავით ნარმანიას განცხადებით, უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები და დედაქალაქს 30 მილიონი ევრო გამოეყო.

"უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები, მათ თბილისისათვის 30 მილიონი ევრო გამოყვეს სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. 150 ერთეული იქნება შეძენილი, გამოცხადდება ტენდერი, რომელზეც მოხდება ფასების დადგენა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

"მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების და მერიაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებიან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მერიაში აცხადებენ, რომ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია "რემისიასთან" ერთად შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტებს ტრანსპორტის, შენობების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მწვანე სივრცეების განვითარების სექტორში.