ქუთაისის ვიცე-მერი - ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების მომატებას გულისხმობს

ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ვიცე-მერის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების მომატებას გულისხმობს. დღეს ქალაქში არსებული 35 საბავშვო ბაღიდან ოთხში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

"ჩვენ გვინდა ყველა პედაგოგს ვუთხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზარალებს ბავშვებს, ამიტომ ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბაგა-ბაღები ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღი, გარემონტდა რამდენიმე შენობა. ცვლილებები შეეხო კვების რეჟიმს, სადილს და სამხარს დაემატა საუზმე და გახდა სამჯერადი. პირველი ცვლის პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ. დაემატა მეორე ცვლის აღმზრდელები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ცვლის პედაგოგი მუშაობს 3 საათამდე და არა 6 საათამდე, როგორც ეს ადრე ხდებოდა", -განაცხადა მიქიაშვილმა.

ამასთან, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ბაგა-ბაღების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მისივე ინფორმაციით, 35 საბავშვო ბაღში 309 მეორე ცვლის პედაგოგი დაემატა. მათი დაფინანსება წლის მანძილზე 648 900 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების დაფინანსება 2 790 000 ლარით გაიზარდა. ქუთაისში რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგები გაიფიცნენ. პედაგოგები სახელფასო სარგოს სიმცირეს აპროტესტებენ და მათ გაზრდას ითხოვენ. პროტესტის გამო მათ დღეს აღსაზრდელების მიღებაზე უარი განაცხადეს, რიც გამოც მშობლები იძულებული გახდნენ შვილები უკან წაეყვანათ.

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ბაგა-ბაღების პედაგოგებმა გუშინ, ქუთაისის მერიასთან აქციაც გამართეს. მოგვიანებით მათ ქალაქის მერი შოთა მურღულია შეხვდა, რომელიც პედაგოგებს მომავალი წლიდან ხელფასების 24 ლარით გაზრდას დაპირდა, თუმცა გაფიცულებისათვის ეს არასაკმარისია.

ბაღებში პედაგოგების საშუალო ხელფასი 280 ლარს შეადგენს.