"საქართველოს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია"

საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს

საქართველოს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"პროექტი ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის, ხოლო საქართველოს ამ კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია. თანამედროვე ეკონომიკა თავისი ბუნებრით გლობალური ხასიათისაა. ისეთი გადამზიდავი კომპანიები, როგორიც არის "DHL", "ფედექსი" ეძებენ და დაინტერესებული არიან ახალი, სწრაფი სამარშრუტო გზების არსებობაში – ჩინეთსა და დასავლეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის. ეს საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს", - განაცხადა იან კელიმ.