"საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა არის უმოკლესი და ყველაზე იაფი, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის"

"მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო მატარებლის დღეს შემოსვლის მნიშვნელობა - მან დააკავშირა ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, კავკასიის და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს"

მზად ვართ, "აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სარტყლის ფარგლებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა, შემოვიდეს მეტი ინვესტიცია და გავაძლიეროთ ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროებში, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ძიაო ჰუი სინიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა გულითადად მოგილოცოთ, რომ ჩინეთიდან შუა აზიის, კასპიის ზღვის რეგიონის და კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით წარმატებით ჩამოვიდა სატვირთო მატარებელი. ეს ორი წლის წინ ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ინიციატივის შედეგად მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატია. მინდა ჩინეთის საელჩოს სახელით საქართველოს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო მატარებლის დღეს შემოსვლის მნიშვნელობა - მან დააკავშირა ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, კავკასიის და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს. ეს მომავალში მოგვცემს ბევრ შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები", - განაცხადა ძიაო ჰუი სინიმ.

ჩინელი დიპლომატის თქმით, "აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სატყლის პროექტის ფარგლებში სარტყლის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ განავითარონ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა და ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა. მისივე შეფასებით, საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა უმოკლესი და ყველაზე იაფია, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიაში ყველაზე საუკეთესოა. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უპირატესი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა არის უმოკლესი და ყველაზე იაფი, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებით არსებული მიმოსვლის შედეგები", - აღნიშნა ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ძიაო ჰუი სინიმ აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო რეგიონში პირველია, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.