ანტირუსული სანქციები სავარაუდოდ, ავტომატურად გაგრძელდება

საგარეო საკითხებში ევროპული საბჭოს წევრები ანტირუსული სანქციების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას 17-18 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებენ.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის განხილვის წინააღმდეგი არ არის და ვერც სანქციების გაგრძელებაში ხედავს პრობლემას.

„რამდენადაც ვიცი, რაიმე სერიოზული პრობლემა სანქციების გაგრძელებაზე არ უნდა იყოს“, - განაცხადა მოგერინიმ.

ანტირუსულ სანქციებს მოქმედების ვადა 2016 წლის 31 იანვარს ეწურება. მიმდინარე კვირას კი ევროკავშირთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ „სანქციები სავრაუდოდ ავტომატურად გაგრძელდება“. ევროპული საბჭო რუსეთისგან კვლავინდებურად ითხოვს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მოსკოვს არ შეუსრულებია. „სწორედ ამიტომ, სანქციები სავარაუდოდ, ნახევარი წლით ავტომატურად გაგრძელდება“, - აცხადებს წყარო რუსულ მედიასთან საუბარში.

ანტირუსული სანქციები 151 ადამიანს, 37 იურიდიულ პირს და 20 რუსულ საფინანსო, ნავთობმომპოვებელ და სამხედრო სტრუქტურებს შეეხო.

კოკა კვირკველია