ნოდარ ხადური - საქართველოში ინვესტორების უფლებები დაცულია

წელს ინვესტიციების მოცულობა, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემცირებულია, არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან და ტენდენციიდან, რომელიც ბოლო წლებშია საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა , როდესაც უპასუხა კითხვას, რას გულისხმობს ინვესტორთა წახალისების მექანიზმი, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

"მოდით ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები. შარშან მესამე კვარტალში იყო ძალიან მაღალი ზრდა ინვესტიციების, შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წელს ინვესტიციების მოცულობა, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემცირებულია, არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან, ტენდენციიდან, რომელიც ბოლო წლებშია საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით ძალიან კონკრეტულ ინვესტიციებს კონკრეტული მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და მშენებლობაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორებს სჭირდებათ წახალისება, როგორც ხადურმა განმარტა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წახალისება არის ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად პრაქტიკულად ინვესტორი ევროკავშირის ბაზარზე შედის. ამასთან, ხადურის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც უზარმაზარ ბაზრებზე კიდევ უფრო გაზრდის წვდომას.

"გარდა ამისა, ის რომ საქართველოში ინვესტორების უფლებები არის დაცული, მათი ქონება დაცულია და არავინ ეხება მას, ის, რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები აღარ იქცევიან როგორც ბიზნესდამტერორებელი და არიან ბიზნესის პარტნიორები, მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი სტიმულია. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა კიდევ უფრო მორგებული იყოს იმ რეალობას, რომელშიც ვართ", - განაცხადა ხადურმა.