IDFI - ხშირია შემთხვევა, როდესაც მინისტრის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება დაქვემდებარებულ უწყებაში თანამდებობის პირის ანაზღაურება

IDFI-ის კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მინისტრის შრომის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურება. როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურება - 81 301 ლარი დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შრომის ანაზღაურებას 37 260 ლარი. მაია მიმინოშვილის მიერ 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მიღებული 81 301 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 000 ლარს, პრემია - 6750 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 47 551 ლარს.

"როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტებიდან ირკვევა, აღნიშნულ უწყებაში მაია მიმინოშვილის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის ივნისის თვეში სახელფასო დანამატები გაიცა 4-ჯერ. კერძოდ: 2015 წლის 5 ივნისის ბრძანება - სულ ცენტრის თანამშრომლებზე გაიცა 23 812 ლარის დანამატი, საიდანაც მაია მიმინოშვილს მიღებულ აქვს 5000 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს დირექტორის თანაშემწის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ "მოქალაქესთან" გაფორმებული ხელშკრულების საფუძველზე ივნისის თვეში ცენტრის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოები, კერძოდ, დაიგეგმა და გაიმართა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, რისთვისაც უნდა გაიცეს დანამატი.

ინსტიტუტის მიერ გაუგებარი რჩება 5 დღის განმავლობაში ცენტრის ხელმძღვანელის მიერ რა სახის სამუშაოები იქნა შესრულებული მოსწავლეების დაჯილდოებასთან დაკავშირებით, რომ მან თავის თავზე გასცა მთლიანი თვის თანამდებობრივ სარგოზე მაღალი სახელფასო დანამატი.

2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს, მისი დაქვემდებარებული უწყების შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს - თითოეულს 46 200 ლარი. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 15 600 ლარს, პრემია 3 600 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი - 27 000 ლარს.

როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახური უფროსის მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ 4500 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის თითოეულ მოადგილეზე გაიცა 3 600 ლარის ოდენობის პრემია. შემოსავლების სამსახურის შემთხვევაშიც, როგორც აღნიშნულია, ყოველთვიური სახელფასო დანამატი თუ სააღდგომო პრემია გაცემულია სამსახურის საკუთარი შემოსავლებიდან.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იგივე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს, ხოლო დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს.