საქართველოში სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დაიწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაატა ხიზანიშვილმა ქიმიური საწარმო ,,რუსთავის აზოტი" დაათვალიერეს და საწარმოში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ,,რუსთავის აზოტი" აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხორცილდება. საწარმოში 2300 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავის აზოტი" კავკასიის რეგიონში ამონიუმის გვარჯილას ერთადერთი მწარმოებელია. ყოველწლიურად საწარმო 500 000 ტონას აწარმოებს, რაც მსოფლიო მოხმარების 1%-ს შეადგენს.

საწარმოს დირექტორმა ლევან ბურდილაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს საწარმოს ერთ-ერთი ინოვაციური და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - სპილენძის შაბიამანის წარმოების, დახარისხების და შეფუთვის პროცესი გააცნო. სპილენძის შაბიამანი თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. წარმოების შედეგად მიიღება მავნე მინერალებისაგან თავისუფალი პროდუქტი, რომელშიც სპილენძის სულფატის შემცველობა 98%-ს შეადგენს, რაც მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის საჭირო. სპილენძის სულფატის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქტიურად გამოიყენება მევენახეობის დარგში. ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარისხიანი სასუქები და პრეპარატები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის.

,,მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა გააჩნია საწარმოს. ,,რუსთავის აზოტი" ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერას, სწორ, პრაგმატულ მიდგომას და დარგის განვითარების ხელშეწყობას. ახალი პროდუქტი, რომლის წარმოებაც დაიწყო კომპანიამ, მნიშვნელოვანია, როგორც მევენახეობისთვის, ისე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისთვისაც. ,,რუსთავის აზოტი" ამონიუმის გვარჯილას კონტრიბუციის თვალსაზრისით მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საწარმო გახლავთ, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის და ძლიერი ეკონომიკისთვის. ჩვენ კი, ასეთი ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა გვმართებს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ. საწარმოს დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებამ, მინერალურ სასუქებზე ახალი მოთხოვნები გააჩინა.

,,საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. საქართველოსთვის, ტრადიციულად მევენახეობა წამყვანი დარგი იყო. შესაბამისად, ჩვენ უმაღლესი ხარისხის სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დავიწყეთ, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. უახლოეს მომავალში საწარმოში ამიაკის სინთეზის ავტომატიზაციის პროცესის დანერგვასაც ვგეგმავთ", - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ. ,,რუსთავის აზოტის" მიერ ახალი პროდუქციის წარმოების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.