აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა შეიქმნა

ჩინეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა – SRCIC შეიქმნა. როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატაში აცხადებენ, პალატის ინაუგურაციის ცერემონია 10 დეკემბერს ჰონკონგში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰონკონგის მმართველმა, ლიუნგ ჩან-ინმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.

სავაჭრო სამრეწველო პალატაში აცხადებენ, რომ SRCIC-ს უხელმძღვანელებს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, კომპანია Tangwest Market Group - ის თავმჯდომარე ლუ ჯიანჟონგი. მათივე ინფორმაციით, SRCIC-ის თავმჯდომარის მოადგილედ აზია-წყნარი ოკეანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი აირჩიეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, პალატა მჭიდროდ ითანამშრომლებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან. პალატის სათავო ოფისი ჰონკონგში განთავსდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით 2016 წელს იგეგმება აბრეშეუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC) პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. მათივე ინფორმაციით, ახალი პალატა ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნების ბიზნეს კომპანიების, ასოციაციების და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას.