სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის კუთვნილი ისტორიული სახლის აღსადგენად საქველმოქმედო კამპანია იწყება

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, მხატვარ ჯონ უერდმანის კუთვნილი ისტორიული სახლის აღსადგენად, საქველმოქმედო კამპანია იწყება. ამის შესახებ დღეს ინფორმაციას "თიბისი ბანკი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "თიბისი ბანკში" გახსნილია ანგარიში, რომელზეც ყველა მსურველს თანხის ჩარიცხვა შეუძლია.

"ერეკლე მეორის დროინდელი, 580 კვმ ფართობის, სამსართულიანი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა, 10 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის გამო მთლიანად განადგურდა. ხანძარს მხოლოდ ქვედა სართულზე მდებარე მარანი გადაურჩა. დაიწვა ისტორიული ნივთები და ჯონ უერდმანის ნახატები", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

მათივე განცხადებით, ქართულ მრავალხმიანობაზე შეყვარებული უერდმანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა და უკვე 20 წელზე მეტია ქართულ საქმეს ემსახურება.

"მის მიერ ქართული ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის. მეუღლესთან ერთად უერდმანი ანსამბლ "ზედაშესაც" ხელმძღვანელობს, რომელიც მივიწყებული სასიმღერო ტრადიციების გაცოცხლებას უკვე წლებია, ცდილობს და ქართულ მრავალხმიან მუსიკას მსოფლიოს აცნობს. აქვს ქართული რესტორანიც, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული და მივიწყებული ქართული სამზარეულოთი უმასპინძლდება. ერთად აღვადგინოთ ისტორიული მემკვიდრეობა", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".