ირაკლი აბესაძე - 2015 წლის თბილისის ბიუჯეტით მერიას 145 მილიონი ლარი გაუხარჯავი რჩება

2015 წლის თბილისის ბიუჯეტით, მერიას 145 მილიონი ლარი გაუხარჯავი რჩება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა. ირაკლი აბესაძის თქმით, მას ხელთ აქვს თბილისის მერიის მიერ მოწოდებული 10 დეკემბრის მდგომარეობით ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერიას დარჩენილ 20 დღეში გაუხარჯავი 145 მილიონი ლარი რჩება. ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიას აღნიშნული ღირებულების მოუგვარებელი პრობლემები დარჩება. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. აბესაძემ აღნიშნა, რომ ადამიანები თავიანთი უცოდინარობის გამო ვერ ახერხებენ 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ხარჯვას.

სხდომაზე ირაკლი აბესაძეს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა. სამუშიას თქმით, ირაკლი აბესაძეს ციფრებში აცდენა აქვს, კერძოდ, დაახლოებით 50 მილიონი ლარით. ჯაბა სამუშიას განცხადებით, მათ ხელთ აქვთ უახლესი ინფორმაცია მერიიდან, რომ დასახარჯია 103 მილიონი ლარი. სამუშიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გადარიცხვები, რის გამოც ჯერჯერობით ამ თანხების ასახვა გახარჯულ თანხებში არ ხდება. სამუშია დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული თანხები ათვისებული იქნება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თუ რაიმე ნაშთი დარჩა, იგი გარდამავალი იქნება. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძის მიერ სხდომაზე დაყენებულ საკითხს ჭიქაში ქარიშხალი უწოდა.