საკრებულო 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს 24 დეკემბერს განიხილავს

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 24 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე მოხდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. გიორგი ტყემალაძემ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 10 დეკემბერს თბილისის მერიიდან საკრებულოში შევიდა ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შესწორებებით. საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებს ერთი კვირის განმავლობაში მიეცათ ვადა, რათა ბიუჯეტის პროექტის სრულყოფილი ანალიზი მოახდინონ. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მომავალი კვირის დასაწყისში თბილისის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ამ პროექტის განხილვა დაიწყება.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გარკვეული ცვლილებები იყოს შეტანილი 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში. 24 დეკემბერს დაინიშნება საკრებულოს სხდომა, სადაც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საუკეთესო ვარიანტი იქნება. ყველას პოზიციები შეჯერდება და შესაბამისად, იგი დამტკიცდება", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა თბილისის მერიის მიერ შერჩეული პრიორიტეტები მათთვის მნიშვნელოვანია. ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო ითხოვდა ბიუჯეტი მეტად პროგრამული ყოფილიყო, თითოეულ პროგრამაში გაწერილი ყოფილიყო, რა თანხა დაიხარჯება. ტყემალაძის თქმით, ამ კუთხით მათ თბილისის მერიიდან გაუმჯობესებული ვარიანტი მიიღეს.