ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული

ევროპული კომისიის ექსპერტების შეფასებით, საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული. ანგარიშის თანახმად, საქართველომ პროგრესს მიაღწია შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

ბლოკი 1: დოკუმენტების, მათ შორის ბიომეტრიული დოკუმენტების უსაფრთხოება

ბლოკი 2: საზღვრების ინტეგრირებული, მიგრაციის მართვა, ლტოლვილთა საკითხებზე პოლიტიკა.

ბლოკი 3: საზოგადოებრივი წესრიგი და კონტროლი: ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და კორუფციის პრევენცია და ბრძოლა, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, ნარკოტიკები, სამართლებრივი თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებსა და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე მონაცემთა დაცვა.

ბლოკი 4: საგარეო ურთიერთობა და ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება საქართველოს შიგნით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის პირობები და პროცედურები, მოქალაქეების უფლებები, მათ შორის უმცირესობათა დაცვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის დაწყების (2012 წლის ივნისი) შემდეგ, ევროკომისია რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას ევროპულ პარლამენტსა და საბჭოს იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ, 4 ბლოკითა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი და მეორე ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გზაზე მიაღწია.