ნავთობის ფასი 11-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის მსოფლიო ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

"ბიბისის" ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ღირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 36,2 დოლარის ნიშნულზე დაბალია, რაც 2004 წლის ივლისიდან მინიმალური მაჩვენებელია.

"შავ ოქროზე" ფასის დაცემის მთავარი მიზეზი ბაზარზე ნავთობის გადაჭარბებული შემოთავაზებაა.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ნავთობის მარაგის მოცულობა 1930 წლიდან მაქსიმალურია. ამასთან ერთად, გასულ კვირას აშშ-მა ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო გააუქმა, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

ნავთობის ფასმა მკვეთრი დაცემა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. ექსპერტები ამას აშშ-ისა და ოპეკ-ის ქვეყნების, პირველ რიგში საუდის არაბეთის დაპირისპირებას უკავშირებენ.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვის დაწესებაზე უარს აცხადებენ. ამ გზით საუდის არაბეთი ცდილობს ბაზარზე საკუთარი წილი გაზარდოს და ამერიკულ კომპანიებს ბაზრის დატოვება აიძულოს. ექსპერტთა შეფასებით, ოპეკ-ის ქვეყნები დღეში 21-31 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ.

ნავთობის მოპოვების მოცულობას ზრდის რუსეთიც. ბოლო 11 თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1,4%-ით გაიზარდა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის შეფასებით, რუსეთი დღეში დაახლოებით 10,7 მილიონ ბარელს მოიპოვებს.

ნავთობის ფასის შემცირებაზე მოქმედებს ირანის ფაქტორიც, რომელიც სანქციების გაუქმების შემდეგ, მზად არის ენერგორესურსების ბაზარზე დაბრუნდეს. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ისლამური რესპუბლიკა ნავთობის ექსპორტს უკვე მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყებს.

ამასთანავე, მოთხოვნა ნავთობზე კვლავ დაბალია, რაც განპირობებულია ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებითა და განვითარებადი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის შემცირებით.