საქართველოს მალე მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება

საქართველოს მალე მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ხელსაყრელ პირობებს უქმნის ეკონომიკის განვითარებას. ენერგოსექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ჰესების აშენებისათვის გარედან მოზიდული თუ შიდა ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას, შემდგომ კი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი დაფინანსდა. ამ მხრივ მე გამოვარჩევდი "შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის" პროექტს. წელს წარმატებით დავასრულეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის, გარდაბანის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა. მალე დაიწყება მდინარე ენგურის შენაკადზე ნენსკრას ჰესის მშენებლობა. მისი წლიური გამომუშავება მილიარდ ორასი მილიონი კვტ/სთ იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიარდი დოლარია. ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰიდროელექტროსადგური. განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 104 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 4 მილიარდ დოლარზე მეტი. წელს საფუძველი ჩაეყარა ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობას. შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ სტრატეგიული ობიექტის - მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია. ვფიქრობთ, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს 76 სოფლის გაზიფიცირების ოცმილიონიანი პროექტი დასრულდება. ასევე, 22 სოფელში, რომლებშიც ხალხი წლების განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდა, სრულდება ელექტროენერგიის შეყვანა და ამ სოფლებს შორისაა კულტურისა და ისტორიის უნიკალური ძეგლი - მუცო.