რა გავლენას იქონიებს აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საქართველოზე

გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი წლიური 0,25-0,50 პროცენტამდე გაზარდა.

ეს ფაქტი 2006 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზრებზე.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ნავთობის გაიაფებას და რუსული რუბლის გაუფასურებას შეუწყობს ხელს.

”სუსტი რუსეთი უდრის ძლიერ საქართველოს!” - დაწერა რომან გოცირიძემ ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ქართულ ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა ვერ ექნება.

”საქართველოზე Fed -ის მიერ განაკვეთის ზრდას დიდი გავლენა არ ექნება. თუ ვნახავთ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის ცვლილება როგორ აისახებოდა საქართველოზე, აღმოვაჩენთ, რომ ასე, პირდაპირი ეფექტი არასდროს ჰქონია. ეს იყო ყოველთვის მოვლენების შემდგომი ეფექტი, ვინაიდან ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. Fed-ის გადაწყვეტილების ირიბი ფაქტორები შეიძლება მოგვიანებით აისახოს და ამის ეფექტი იყოს ლარის შესუსტება. მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა რთულია”, - ამბობს გივი ადეიშვილი.

ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ძვირი ფულის პოლიტიკის განხორციელებას ნიშნავს. მისი თქმით, ამერიკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი აქტორი, აქცენტს სწორედ იაფი ნავთობპროდუქტების პოლიტიკაზე აკეთებს და ამას, როგორც გარკვეულ პოლიტიკურ ინსტრუმენტს იყენებს.

„ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება ვისზე ზემოქმედებს, ბუნებრივია - რუსეთზე. შესაბამისად, ამ პოლიტიკის შედეგი მსოფლიოში პრიორიტეტების გარკვეული გადალაგება და თამაშის ახალი წესების გამოკვეთაა”, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ გლობალური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, რადგან საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა.

”ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, ეკონომიკასა და ბიზნესში მთავარი აქტორი ჩვენ არ ვართ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ და ვერგებოდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოში არსებობს. ის, რომ რუსეთთან მიმართებაში რუსული რუბლის დევალვაციის თემა ძალიან აქტუალურია; რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის ფონზე თურქული ლირის დევალვაციის საკითხი მნიშვნელოვნად გააქტიურდა, ძალიან ნეგატიური ტრენდის და მოლოდინების შემქმნელია ჩვენთვის, რადგან რუსეთი და თურქეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, მათი ადგილობრივი წარმოების გაიაფება, ჩვენზე ნეგატიურად აისახება”, - ამბობს ლევან კალანდაძე. თუმცა დასძენს, რომ ნავთობზე ფასების კლების ტენდენცია საქართველოსთვის პოზიტიური შედეგების მომტანია.

თამარ კორკოტაშვილი