საქართველოსა და უზბეკეთს შორის საქონელბრუნვამ წელს, შესაძლოა, 180 მილიონ დოლარს მიაღწიოს

წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის საქონელბრუნვის მოცულობამ, შესაძლოა, 180 მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს, რაც გასულ წელთან შედარებით, 60 მილიონი აშშ დოლარით მეტია. როგორც უზბეკური საინფორმაციო სააგენტო „თურკისტონ-პრესი“ იტყობინება, ამის შესახებ უზბეკეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ჟღენტმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოსა და უზბეკეთს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების პოტენციალი აქვთ, გაიზარდა ორმხრივი მიწოდების პროდუქციაც. „კერძოდ, ეს ეხება უზბეკეთში ქართული მინერალური წყლის, წამლის, ღვინის გამოჩენას, ასევე უზბეკურ საქონელს, რომელიც საქართველოს მიეწოდება“, - განაცხადა ჟღენტმა.

ქართველი დიპლომატის მოსაზრებით, საქონელბრუნვის მოცულობის გაზრდას თბილისი-ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეუწყობდა ხელს. როგორც ჟღენტმა განაცხადა, ეს საშუალებას მისცემს მხარეებს, ხელი შეუწყონ კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და უზბეკ ბიზნესმენებსა და ახალგაზრდებს შორის. სააგენტო აღნიშნავს, რომ 2013 წელს საქართველო-უზბეკეთს შორის საქონელბრუნვის მოცულობა 36 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატებოდა, 2014-ში კი ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.