კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

რეგიონში ენერგეტიკული რესურსების განაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტზე კონტრაქტებს აფორმებს, რუსეთი ცდილობს აზიიდან რაც შეიძლება დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება დაიბევოს და ევროპის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თურქეთის მთავრობა კი დივერსიფიკაციის მიმართულებით გააქტიურდა, ვინაიდან რუსეთი მისთვის არასაიმედო ქვეყანა გახდა. ამ დროს საქართველო, შეიძლება ითქვას, "ორ ცეცხლს" შუაა ჩავარდნილი.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკება 2016 წელს გაგრძელდება. ოფიციალურად შეხვედრის თემა - ქართული კომპანიებისთვის რუსულ გაზზე ხელმისაწვდომობაა. არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ირანიდან საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტია, რაც კატეგორიულად მიუღებელია დასავლეთისთვის. ამ დროისთვის ირანი გაზის ექსპორტს, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს. იგი ბუნებრივ აირს მინიმალური ოდენობით ყიდის. არადა, ირანს სურს, რომ გამოვიდეს სანქციების მდგომარეობიდან და გახდეს აქტიური მოთამაშე გაზის საერთაშორისო ბაზარზე.

უცხოური მედია წერს, რომ რუსეთის ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებმა ირანში ვიზიტს მოუხშირეს. პარალელურად "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი უკვე სამჯერ შეხვდა კახა კალაძეს. თანდათან ცხადი ხდება, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოში გაზის გაყიდვა არ არის. ეს ბაზარი მისთვის იმდენად მცირეა, რომ ქსელში კარგავს იმაზე მეტი ოდენობის გაზს, რასაც საქართველო მოიხმარს. ექსპერტების აზრით, რუსეთი შეეცდება, რომ საქართველო მისი დერეფნის გამოყენებაზე დაითანხოს და ამისთვის არც შანტაჟია გამორიცხული. კალაძის განცხადებით, ბოლო შეხვედრისას, მილერმა მას მიანიშნა, რომ შეიძლება სომხეთმა ბუნებრივი აირი ირანისგან მიიღოს და საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტი შეწყდეს.

"მათ გააკეთეს მინიშნება, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და მიუღებელი იქნება. რუსეთს ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამაზე იყო საუბარი. ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვიზიტს ირანში და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება საკითხები, რამდენად შეიძლება თანამშრომლობა სამომავლოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტების განცხადებით, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ საქართველოს მაგისტრალურ მილში ტრანზიტის მიმართულება შეიცვალოს და ამჯერად ბუნებრივი აირი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდეს ან საერთოდ ცარიელი დარჩეს. ირანული გაზის ექსპორტის ხელში ჩაგდებაზე რუსეთი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამერიკამ ევროპაში თხევადი გაზის ტრანსპორტირებაზე გააკეთა განცხადება. ამერიკულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 60 მილიარდი დოლარი დახარჯეს საექსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. "2019 წელს ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, 60 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რაც ევროკავშირს დაეხმარება, შეამციროს რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე დამოკიდებულება", - წერს "როიტერი". აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზი ძვირია, ამიტომ რუსეთის მთავრობა შეეცდება გაზსადენებით ევროპაში რეექსპორტით სულ უფრო მეტი აზიური გაზი გაიტანოს და ამით შეინარჩუნოს მონოპოლიური მდგომარეობა ევროპის ბაზარზე.

ირანის მთავრობის წარმომადგენლები გამუდმებით აცხადებენ, რომ ქვეყანა მზადაა ევროპის მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, მაგრამ მათ არ უნდათ რუსეთთან კონკურენცია. რუსეთში ირანის ელჩის მეჰდი სანაის განცხადებით, რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ირანულ ბაზარზე, რადგან მძიმე დროს იგი თეირანის გვერდით იდგა. ამიტომაც, ანალიტიკოსების განცხადებით, ანტიირანული სანქციების შერბილების შემდეგ, დასავლეთში ყოველთვის ნერვიულობდნენ რუსული ენერგოკომპანიების ირანში მუშაობის თაობაზე.

საქართველოს როლი

ენერგეტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკების პროცესთან ჩვენს ქვეყანას კავშირი არ აქვს, თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქართველო გამოიყენებს "ვეტოს უფლებას" - გაატაროს თუ არა ირანული გაზი რუსეთის მიმართულებით. ამ პროცესში საქართველოს პოლიტიკური ვექტორი ნათელია, ქვეყანა ამერიკისა და ევროპის პარტნიორია, თუმცა ამ პარტნიორობას აქვს თავისი ფასი როგორც უსაფრთხოების, ისე მოსალოდნელი პოტენციური ზარალის კომპენსირების კუთხით.

"ახლანდელ ენერგეტიკულ ბრძოლებში ჩვენი პოზიცია ნათელია. საქართველო ევროპული დერეფნის ნაწილში რუსეთის ერთ-ერთი კონკურენტია. ცნობილია, რომ თუკი რუსეთს ვინმე ხელს უშლის, იგი მაქსიმალურად აგრესიული ხდება. არ არის აუცილებელი, რომ ეს აგრესია მაინცდამაინც ენერგეტიკული ფორმით გამოიხატოს. ჩვენ ვართ დასავლეთის პარტნიორები, მაგრამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასი. ასეთ დროს ჩნდება კითხვა: ვართ საკმარისად დაცულები ჩვენი პარტნიორების მხრიდან? თუკი მოსკოვ-თეირანის პროექტი შედგა და ჩვენ მას ვეტოს დავადებთ, რა გარანტიას ვიღებთ როგორც უსაფრთხოების, ისე პოტენციური მატერიალური ზარალის კომპენსირების კუთხით? აუცილებელია, რომ ამ ორ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღოთ", - ამბობს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, მართალია თეორიულად ეს პროექტი არსებობს, მაგრამ მოკლე პერიოდში განხორციელება შეუძლებელია. "დღეს მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება, რომელიც ყველაზე იაფია, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. ამიტომაც ინტერესი დიდია. დღევანდელი გადმოსახედიდან ირანი და რუსეთი თანამშრომლობენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთიან ენერგეტიკულ პოლიტიკას დაგეგმავენ. მეორე მხრივ, ირანს რისკების დივერსიფიკაციაზეც მოუწევს ფიქრი, რადგან მისთვის მარტო ეს მიმართულება არ არის დამაკმაყოფილებელი", - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს დერეფნის მიმზიდველობას. საქართველოს რუსეთთან 700-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი უკვე აკავშირებს, თუმცა ირანული გაზის წამოღების შემთხვევაში, მის გასწვრივ უფრო მაღალი კვეთის ტრანზიტული მილი უნდა ჩაიდოს, ვინაიდან ირანიდან წამოსულმა აირმა, ერთი მხრივ, უნდა დააკმაყოფილოს სომხეთის მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში საქართველომაც გამოიყენოს დამატებითი მოცულობა და ტრანზიტიც განხორციელდეს.

თურქეთი თანდათან ჩიხში ექცევა

თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავების შემდეგ, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მუქარა - გაზის მიწოდების შეწყვეტაა. თურქეთში ბუნებრივი აირის იმპორტზე 50%-ზე მეტი რუსულ გაზზე მოდის. პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის არ სჯერა და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლსაც დიდ მატერიალურ ზიანს მიაყენებს. "თურქეთი არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ბაზარი და მოსკოვს სჭირდება საწვავის გასაღება. ჩვენ გვჭირდება გაზი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება გასაყიდი ბაზარი", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთში ჩრდილოეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტა წარმოუდგენლად მიაჩნია გია ხუხაშვილსაც, ვინაიდან ეს უკვე ომს ნიშნავს, რომლითაც ორივე ქვეყანა ძალიან დაზარალდება.

"ვფიქრობ, თურქეთისთვის გაზის შეწყვეტა "გაზპრომის" იმიჯს სერიოზულად დააზარალებს. ეს მოხდება მხოლოდ ომის შემთხვევაში, სხვა მხრივ ჩემთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია. თურქეთის მოხმარების 50% რუსულ აირზე მოდის და ასეთი გადაწყვტეილება ქვეყანას ძალიან დააზარალებს. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს ბოსფორის სრუტის დაკეტვა რუსული გემებისთვის, რაც არანაკლები კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება რუსეთისთვის და ეს უკვე ნამდვილი ომი იქნება. ღმერთმა არ ქნას, საქმე აქამდე მივიდეს", - აცხადებს ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, თურქეთი, გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის მეორე უმსხვილესი იმპორტიორია. ანკარამ "გაზპრომისგან" 27,3 მლრდ კბ/მ გაზი შეიძინა. ამასთან, რუსულ კომპანიასთან ორი გრძელვადიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა თურქეთს ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს 20 მლრდ კბ/მ გაზი. პირველ ხელშეკრულებას ხელი 1997 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს 16 მლრდ კბ/მ გაზის მიწოდებას თურქეთისთვის და ამ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ბოლოს ეწურება. მეორე გაფორმებული კონტრაქტი წელიწადში 4 მლრდ კბ/მ გაზის მიწოდებას ეხება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოეწერა, ხოლო ვადა 2021 წლამდეა.

თურქეთი გაზის იმპორტს ახორციელებს ასევე აზერბაიჯანიდან, რომლის მოცულობაც წელიწადში 6,6 მლრდ კუბ/მ-ია. ქვეყანას მცირე რაოდენობის ბუნებრივი აირი შემოაქვს ირანიდან. ამასთანავე, თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ალჟირთან და ნიგერიასთან 4,4 და 1,2 მლრდ კ/მ გათხევადებული გაზის შესყიდვაზე. ასეთივე კონტრაქტი გააფორმა ყატართანაც. პარალელურად მოლაპარაკება გაიმართა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან "ტანაპის" პროექტის დაჩქარების შესახებ. თურქეთში ფიქრობენ, რომ "შაჰ დენიზის" პროექტის მეორე ფაზის ამოქმედება 2018 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"