სოფელ საკირეში სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

სოფელ საკირეში, ე.წ. ბეშკენაძეების უბანში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის I ეტაპის სამუშაოები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ დაათვალიერეს. როგორც რევაზ კალაძემ აღნიშნა, დაზიანებულ მონაკვეთზე დაგეგმილია მონოლითური, რკინა ბეტონის, წყალგამტარი მილის, სარეგულაციო კედლისა (კოლექტორი) და დამცავი კბილის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის დასუფთავება და კოლექტორის ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები.

"აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონის სოფლებში - დვირში, საკირესა და ტაძრისში დაზიანებული საავტომობილო გზის 10 მონაკვეთის (უბნის) სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.