დიმიტრი ქუმსიშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე "ბელეკის" საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიალს თურქეთის, ბულგარეთის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრები, აგრეთვე რუმინეთის, რუსეთის და რეგიონის სხვა სახელმწიფოთა ენერგეტიკის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები და გაზის სექტორში მომუშავე მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის მნიშვნელობაზე როგორც უშუალოდ თურქმენეთისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. მისი განცხადებით, თურქმენეთი დაინტერესებულია საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდებით ევროპის ბაზარზე და ასევე დიალოგის გასაგრძელებლად ამ მიმართულებით.

მოხსენების შემდეგ, თურქმენეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთი-დასავლეთის გაზსადენი სიმბოლურად აამუშავა და მილსადენზე ხელმოწერა გააკეთა. აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროს აკავშირებს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა კი წელიწადში 33 მლრდ კუბ.მეტრს შეადგენს. მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების უზრუნველყოფისა და ექსპორტისათვის.