გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

"პროექტის ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და მოეწყობა ავტოსადგომი. ამავდროულად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას. გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, ჩატარდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.