"პარტნიორი ქვეყნები მზად არიან,  1 კგ. ქართულ ნიორში 2,5 დოლარი გადაიხადონ"

უკვე მოძებნილია პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი რაოდენობის ნიორი შეისყიდონ და 1 კილოგრამ ქართულ ნიორში 2,5 დოლარი გადაიხადონ.

ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს” აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თუ ჩვენ საშუალოდ ავიღებთ, რომ ერთ ჰექტარზე ათი ტონა მოსავალი უნდა მოვიწიოთ, მარტივი გაანგარიშებით სეზონზე გლეხს 25 ათასი დოლარის შემოსავალი შეიძლება გაუჩნდეს.

ზაურ ფუტკარაძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად 5-6 ათასი ტონა ნივრის იმპორტი ხდება.

,,აჭარის მაღალმთიანი რეგიონების კლიმატური პირობები კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩანაცვლდეს იმპორტი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდოს მისი თესლი,”-აღნიშნავს ზაურ ფუტკარაძე.

მისივე თქმით, წელს ერთი კილოგრამი ნივრის თესლის ფასი საშუალოდ 15 ლარს შეადგენდა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა ხარისხთან შესაბამისობაში მყოფ საერთაშორისო სერთიფიკატზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ნიორს უყვარს მშრალი კლიმატური გარემო და მაღალმთიანი აჭარის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვისა და მთის შერწყმული ჰავა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ საუკეთესო პირობები ამ პროდუქციის მოყვანისათვის. ჩვენ შევარჩიეთ 7 საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი, წელს პროექტს ექსპერიმენტის დონეზე ვახორციელებთ. პირველი მოსავალი ივნისი-ივლისის თვეში უნდა მივიღოთ. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 8-დან 12 ტონამდე ნივრის მოსავალს ველოდებით. აქედან 20% საკვებად, დანარჩენი კი სათესლე მასალად იქნება გამოყენებული“, - აღნიშნავს ზაურ ფუტკარაძე.

ქრისტინე გამთენაძე