გიორგი გახარია მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ის მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრი გახდეს, გიორგი გახარიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ არ იცის, თუმცა განმეორებით შეკითხვაზე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას უარყოფს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდება.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას ასახელებენ, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მათ შორის ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილია.

გიორგი კვრიკაშვილს კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ჩაანაცვლებს. ცვლილებები იგეგმება ეკონომიკურ გუნდშიც, კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, ამ უკანასკნელს კი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ან "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ მოხვდებიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.